პარტნიორი თქვენს ყველა საქმიანობას თვალყურს ადევნებს. ყოველთვის აკონტროლებს, სად და ვისთან ერთად ხართ. მეგობრებისა და ოჯახის ნახვას, ან სამსახურსა თუ სასწავლებელში სიარულს გიკრძალავთ, ან ამ ქმედებების მოტივაციას გიკარგავთ.
პარტნიორს დაჟინებით სურს, რომ მის ტექსტურ შეტყობინებას, ელექტრონულ წერილებსა და სატელეფონო ზარებს მაქსიმალურად სწრაფად უპასუხოთ. ამას გარდა, ის თქვენი სოციალური მედიის გვერდების, ელექტრონული ფოსტისა და სხვა ანგარიშების პაროლებს ითხოვს.
მოძალადე პარტნიორი ეჭვიანობს ან მუდმივად ტყუილში გადანაშაულებთ. ცდილობს, გააკონტროლოს, როგორ ხარჯავთ ფულს, ან რა მედიკამენტებსა თუ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას იყენებთ. ყოველდღიურად თქვენ ნაცვლად წყვეტს, მაგალითად, რა ჩაიცვათ, ან რა მიირთვათ.
მოძალადე პარტნიორი დამამცირებლად გექცევათ: გაყენებთ შეურაცხყოფას, დაგცინით თქვენი გარეგნობის, ინტელექტის ან ინტერესების გამო. გამცირებთ სხვების თანდასწრებით, ან ცდილობს, თქვენთვის მნიშვნელოვანი ქონება თუ საგნები გაანადგუროს.
მოძალადე პარტნიორი ხშირად ბრაზდება, ფიცხი ან არაპროგნოზირებადი ხასიათი აქვს, რის გამოც თქვენ შეიძლება ვერასდროს გაიგოთ, რა არის კონკრეტული პრობლემის მიზეზი. შესაძლოა, მან თქვენვე დაგადანაშაულოთ ძალადობრივი აფეთქების გამო, ან ფიზიკური ზიანი მოგაყენოთ თქვენ, საკუთარ თავს, ოჯახის წევრებს, ბავშვებს თუ შინაურ ცხოველებს, ან ამგვარი ქმედებით დაგემუქროთ.
მოძალადემ შესაძლოა, ფიზიკური ტკივილი მოგაყენოთ ისეთი ქმედებებით, როგორებიცაა ხელის დარტყმა, ცემა, ხელის კვრა, ბიძგება, მუშტის დარტყმა, სილის გაწვნა, ფეხის კვრა ან კბენა; თქვენ მიმართ იარაღი გამოიყენოს, ან იარაღის გამოყენებით დაგემუქროთ.
მან შეიძლება, ისეთი სექსუალური შეურაცხყოფა მოგაყენოთ, როგორიცაა გაუპატიურება, ან სხვა იძულებითი სექსუალური აქტივობა. არასწორად ეგონოს, რომ წარსულში სქესობრივ აქტზე გაცემული თანხმობა მსგავს აქტში სამომავლოდ მონაწილეობასაც გულისხმობს, მიაჩნდეს, რომ ერთ აქტივობაზე თანხმობა უფრო მეტ ინტიმურ ურთიერთობაზე თანხმობას ნიშნავს. მაგალითად, ფიქრობდეს, რომ კოცნას ყოველ ჯერზე სექსი უნდა მოჰყვეს.
შეიძლება, მოძალადე პარტნიორი დაგემუქროთ, რომ სამართალდამცავებს გადაგცემთ თქვენ მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამო იმ შემთხვევაში, თუ ძალადობის შესახებ სამართალდამცავებს შეატყობინებთ, ან თუ მოძალადეს წინააღმდეგობას გაუწევთ.